არჩილ თალაკვაძე - მიღებულია ყველა ზომა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც კითხვები არსებობს, გამოძიება კიდევ უფრო გააქტიურდეს
არჩილ თალაკვაძე - მიღებულია ყველა ზომა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც კითხვები არსებობს, გამოძიება კიდევ უფრო გააქტიურდეს

მიღებული და გასაგებია პროტესტი და მოთხოვნები ზაზა სარალიძის და საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც პირველად გამოვიდა და ამ საქმეზე სამართლიანობის განხორციელება მოითხოვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როცა ჩვენთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელებული ჯერ კიდევ არ არის, ხელისუფლებამ იმ დღესვე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და მთავარმა პროკურორმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მიღებულია ყველა ზომა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც კითხვები არსებობს, გამოძიება კიდევ უფრო გააქტიურდეს. გახარიას უწყება სწორედ ამას აკეთებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მისი მოლოდინი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის უმრავლესობა ოპოზიციით არის წარმოდგენილი, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს პრეცედენტი მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შესახებ მიუთითებს, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, კომისიამ კი, რომლის ფორმატიც ძალიან ფართოა, პროცესი რეალურად უნდა შეაფასოს და დასკვნა მოამზადოს. 

„თუ ეს დასკვნა გამოძიების დასრულებამდე მომზადდა, შესაძლოა, ის გამოძიების პროცესში მსჯელობის საგანი გახდეს და სასამართლომ განხილვისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამ დასკვნას აქვს გავლენა და მასზე მუშაობა ღირს. რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იმისთვის იქნა მიღებული, საზოგადოებას ასი პროცენტით დავუმტკიცოთ, რომ ამ საქმეზე ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს – მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია პროცედურა, პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებელად წარიმართება, თუ შეჯამდება კომისიისა და შსს-ს გამოძიების შედეგები, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა და შსს-ში მიმდინარე საგამოძიებო პროცესი ურთიერთზეგავლენას არ ახდენს, საგამოძიებო ორგანო ძიებას დაასრულებს და საქმე სასამართლოში წავა, ხოლო კომისია თავის დასკვნაზე იმუშავებს, რაც საჯაროდ გამოქვეყნდება და ადრესატებს დაეგზავნება.

„ამ ორ პროცესს შორის იურიდიული ურთიერთდამოკიდებულება ეს არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმას, რაზეც გამოძიება პასუხს გასცემს, კომისიის საქმიანობაზე მნიშვნელობა ექნება, რადგან კითხვები, რომლებსაც კომისია გამოკითხვაზე მოსულ ადამიანებთან დასვამს, პირდაპირ კავშირშია იმ კითხვებთან და გარემოებებთან, რომელსაც გამოძიება განიხილავს. სამართლიანობის საბოლოოდ დადგენის მიზნისთვის, კომისიის დასკვნას ერთი მხრივ, შემავსებელი შედეგი ექნება, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა, რომ ამ საქმეზე საკანონმდებლო ორგანომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.