არჩილ თალაკვაძე - მეორე მხარეს თუ არ სურს შენთან ნორმალური თანაცხოვრება, უნდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს, ცილი დაგწამოს, ამიხსენით, დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოაგვარო
არჩილ თალაკვაძე - მეორე მხარეს თუ არ სურს შენთან ნორმალური თანაცხოვრება, უნდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს, ცილი დაგწამოს, ამიხსენით, დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოაგვარო

რადიკალურ ოპოზიციას ჩვენთან კი არ აქვს კონფლიქტი, მათ კონფლიქტი აქვთ საქართველოსთან, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„თქვენ განათლებული, გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და მითხარით, როდესაც ორ ადამიანს შორის დაძაბულია ურთიერთობა, როგორ შეიძლება, ეს ურთიერთობა დალაგდეს? ერთმანეთთან ლაპარაკის დაწყებით და კომპრომისზე წასვლით, ხომ?! თუ თქვენ ჩემზე ტყუილებს ლაპარაკობთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, მეძახით იმას, რაც არ დამიმსახურებია და არ მეკუთვნის, მეჩხუბებით, მოდიხართ იქ, სადაც მშვიდად უნდა ვიმუშაო და მაგიდებს აყირავებთ, ჩხუბობთ და იგინებით, თუ ამ ყველაფერს არ შეწყვეტთ, ამიხსენით, როგორ შეიძლება, კონფლიქტი მოგვარდეს? თან, გეუბნებით, მათ ჩვენთან კი არ აქვთ კონფლიქტი, კონფლიქტი აქვთ საქართველოსთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დააყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ კანდიდატის სტატუსის მიღებას დეპოლარიზაციის საკითხი, რაც პრაქტიკულად, ღიად და შეუსრულებლად რჩება.

მისი თქმით, თუ დეპოლარიზაციის პუნქტი შეუსრულებელი დარჩა, ეს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას დააზიანებს და პრობლემა იქნება, რაც იცის რადიკალურმა ოპოზიციამ და სწორედ ამას აკეთებს.

„თუ დეპოლარიზაციის საკითხი ვერ გვარდება იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ მეორე მხარეს უბრალოდ, არ უნდა შენთან ნორმალური თანაცხოვრება, უნდა, რომ შენ შეურაცხყოფა მოგაყენოს, ცილი დაგწამოს, შენს პროცესებს დესტრუქცია გაუკეთოს, შენ მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფებში არ ჩაერთოს და შენი ყველა მიღწევა დააკნინოს, ხალხს უთხრას სიცრუე, მაგრამ იქ, სადაც სამუშაოა არ იმუშაოს, ამიხსენით, დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოაგვარო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.