არჩილ თალაკვაძე - მედიის წარმომადგენლებზე შესაძლო ძალადობის ფაქტი არ დარჩება უყურადღებოდ, აუცილებლად იქნება შესწავლილი
არჩილ თალაკვაძე - მედიის წარმომადგენლებზე შესაძლო ძალადობის ფაქტი არ დარჩება უყურადღებოდ, აუცილებლად იქნება შესწავლილი

ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რომელიც ჟურნალისტებზე შეიძლება, მოხდეს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჟურნალისტებს უსაფრთხო პირობებში თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თავისუფლების მოედანზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი თავდასხმა რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, როდესაც შესაძლოა, მოხდა ძალადობა ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ეს საკითხი არ დარჩება უყურადღებოდ, აუცილებლად იქნება შესწავლილი. ამაზე იქნება რეაგირება, თუ ასეთი კანონდარღვევა მოხდა. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ასეთი რამ ვერ და არ იქნება წახალისებული, პირიქით, ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტზე პირველ რიგში კითხვებს უსვამს ხელისუფლებას, ხელისუფლება ხვდება, რომ ვალდებულია, ამას უპასუხოს და ვალდებულია, დაიცვას თავისი სახელმწიფოს მედია და ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც დარბაზი მედიის წარმომადგენლებს იძულებით დაატოვებინეს, თალაკვაძე ამბობს, რომ უყურადღებოდ არც ეს ფაქტი დარჩენილა.

„უყურადღებოდ არ დარჩენილა ეს ფაქტიც. თავად ჟრნალისტიც ინფორმირებულია და ამასთან დაკავშირებით გექნებათ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ღირებულება და ამოცანა არის, რომ პარლამენტში მედიას ქონდეს სრული შესაძლებლობა, გააშუქოს საპარლამეტნო პროცესები. რა თქმა უნდა არსებობს წესები, არსებობს პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ საქმიანობს მედია პარლამენტში, მეორეს მხრივ ეს ფაქტი ვერანაირად ვერ ჩამოაყალიბებს რაიმე განსხვავებულ მიდგომას ჟურნალისტების მიმართ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, – ამ მუხლით აღიძრა საქმე ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ მოხდა.

ტელეკომპანია პირველის დირექტორის განმარტებით, რამდენიმე პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი, ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დატოვე კომენტარი