არჩილ თალაკვაძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რომლებიც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა
არჩილ თალაკვაძე - მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რომლებიც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რომლებიც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის დიდი სურვილი იყო, ახლაც გრძელდება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო პაკეტზე მომუშავე ჯგუფის წევრებს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ აღნიშნული პაკეტის საპარლამენტო განხილვებში ჩაერთონ.

„მიმდინარე დღეებში თვალს ვადევნებდით დისკუსიას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტზე იმუშავა. ეს არის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული. მოგეხსენებათ, ეს „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საგანიც გახლდათ. ჩვენ, როგორც ყოველთვის ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირებულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილს პროცესში ჩართვა თუ სურს, კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები თუ აქვთ, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში  გახსნილი იქნება იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს, პარლამენტში ჩაერთოს ამ სამუშაო პროცესსა და განხილვებში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, რაც ყველა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის ყველა თაობის დიდი სურვილი გახლდათ. სამწუხაროდ, წინა პერიოდებში ვერ მოხდა ამ ცვლილებების განხორციელება, მაგრამ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ეს გააკეთა და მეათე მოწვევის პარლამენტიც აგრძელებს ამ რეფორმებზე მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.