არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეზე - ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომელმაც კითხვები გააჩინა, ამ საქმის დაკავშირება პოსტფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია
არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეზე - ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომელმაც კითხვები გააჩინა, ამ საქმის დაკავშირება პოსტფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომელმაც კითხვები გააჩინა. ამ საქმის დაკავშირება პოსტფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია. ოპოზიცია ამ ამბავს ხან მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას, ვფიქრობ, ეს არათანიმდევრულია“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ არაფერი მოუსმენია.

ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აღარავის აქვს, ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული და 20-ზე მეტი თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს.

მისივე შეფასებით, თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს, პოლიტიკა მეტ საჯაროობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ მასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხვები დროულად ამოიწუროს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქმის გონივრულ ვადებში ამოწურვა შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებში. მისივე თქმით, ეს საქმე ვინმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის რომ სჭირდებოდეს, მაშინ ამ ადამიანებს რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებდა და საქმეს ბოლომდე აღარ მიიყვანდა, თაროზე შემოდებდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.