არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საინტერესო და ამომწურავი იყო
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საინტერესო და ამომწურავი იყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აჯამებს. თალაკვაძის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საინტერესო და ამომწურავი იყო.

არჩილ თალაკვაძემ ისტორიული უწოდა ევროპის საბჭოს პლენარულ დარბაზში ქართული პოლიფონიური სიმღერის „ჩაკრულოს“ გაჟღერებას.

„მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ევროპის საბჭოში. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საინტერესო, საქმიანი გამოსვლა. მან მშვიდად და საქმიანად უპასუხა დასმულ კითხვებსაც. ჩვენ შევაჯამეთ 20-წლიანი პროგრესი ევროპის საბჭოსთან ერთად და სხვათა შორის, ისტორიული სიტყვები ითქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან, სადაც მან თქვა, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და დასრულდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, რაც ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი და ძლიერი გზავნილი იყო.

ასევე იყო მართლაც ისტორიული ეს ვიზიტი იმით, რომ ევროპის საბჭოს პლენარულ დარბაზში გაჟღერდა ჩვენი საამაყო პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ და ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა ისეთ საერთაშორისო დონის სახელმწიფო მოღვაწეების გვერდით, რომელთა ღვაწლიც ასევე არის დაფასებული სათანადოდ ევროპაში. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი დღე, როგორც ემოციური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.