არჩილ თალაკვაძე - ლუკ კოფის მოსაზრებას ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ
არჩილ თალაკვაძე - ლუკ კოფის მოსაზრებას ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა აშშ-ის მთავრობასთან და კონგრესთან ხდება.

ამის შესახებ თალაკვაძემ „ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარის, ლუკ კოფის იმ ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა,  რომელიც სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტის საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსებას გულისხმობს.

მისი თქმით, აშშ-სთან სამუშაო ფორმატებში ამერიკული კონტინგენტის ახალქალაქში განთავსების წინადადება განხილული არ ყოფილა.

„ეს არის ექსპერტის მოსაზრება და ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ. საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი კავშირი, სამუშაო კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, კონგრესთან. ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა იმ ფორმატებში ხდება. სამუშაო ფორმატებში ასეთი წინადადება დასმული არ ყოფილა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.

დატოვე კომენტარი