არჩილ თალაკვაძე - კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება თუ არა და რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა
არჩილ თალაკვაძე - კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება თუ არა და რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა

კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება თუ არა, როგორ ჩამოყალიბდება და რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისთავად გულისხმობს იმის ალბათობას, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც გავა პირველ ადგილზე, თუ შეაგროვებს საკმარის მხარდაჭერას, რათა უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში, მას ექნება უმრავლესობა და დააკომპლექტებს მთავრობას.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ასევე გულისხმობს იმის ალბათობას, რომ თუ უმრავლესობა პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ვერ შეაგროვა პარლამენტში, მაშინ კოალიცია იქნება საჭირო, ანუ ეს პროპორციული არჩევნების მოდელი თავისთავად გულისხმობს ამის ალბათობას. ეს იყო კომენატარი, რაც ჩვენი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება, თუ ამის საჭიროება დადგება და დაიწყო თუ არა აღნიშნულზე კონსულტაციები, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა: „ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. კოალიცია როგორ ჩამოყალიბდება და ჩამოყალიბდება თუ არა, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ნულოვანი ბარიერი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველა პარტიას, იქნება ეს დიდი პოლიტიკური პარტია, თუ მცირე პოლიტიკური პარტია, ექნება შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.