არჩილ თალაკვაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებისას არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე საზოგადოებასთან
არჩილ თალაკვაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებისას არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე საზოგადოებასთან

ჩვენ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვავლინეთ, რამაც, ჩვენი აზრით, გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.

„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ და საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნები მოამზადეს.