არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ სამართლებრივ ბრძოლებში გაიმარჯვა.

„საქართველომ ევროსასამართლოში 2008 აგვისტოს ომის ძირითადი საქმე მოიგო, რაც საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმატება, გამარჯვებაა. ამას მოჰყვა ჰააგის პროკურორის ორდერი იმ პირთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობდნენ. ეს იყო საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მეორე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა დაუშვებლად ცნო იმ საჩივრების განხილვა და მათზე რაიმე სახის გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით შევიდა. ეს სამი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურებულიყო და საქართველომ სამართლებრივ ბრძოლებში გაიმარჯვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.