არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში

საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აღმასრულებელ დონეზე ეს არის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, როდესაც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან ნახსენებია ტერმინი ოკუპაცია.

„საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამის კიდევ ერთი დასტურია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, სადაც პრაქტიკულად, პირდაპირ განაცხადეს ოკუპაციის შესახებ. ეს არის აღმასრულებელ დონეზე ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, როცა ოკუპაცია ნახსენებია მინისტრთა კომიტეტის მხრიდან.

კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, ბოლომდე აიღოს ის პასუხისმგებლობები, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებაშია. ასევე მოწოდებაა, უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის საკუთარ ოჯახს დროულად დაუბრუნდეს. გახსოვთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ტრაფარეტული შენიშვნა, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ აქვს, არის ის, რომ თითქოს, ოკუპაციის თემაზე არ ვმუშაობთ და არ ვცდილობთ საერთაშორისო დონეზე ამ საკითხის აწევას. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია.