არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ მიიღო ზაზა სარალიძისა და მათი პროტესტი, ვისაც სიმართლე აინტერესებს, მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ მიიღო ზაზა სარალიძისა და მათი პროტესტი, ვისაც სიმართლე აინტერესებს, მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“

ზაზა სარალიძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, მაგრამ რეალურად, მან მხარდაჭერის ნაცვლად ის მიიღო, რომ მისი სამართლიანობის მოთხოვნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის სახით გადააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზაზა სარალიძესა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ამ საქმეზე სამართლიანობის მოთხოვნა ჰქონდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად, ორი დღის შემდეგ მოთხოვნები გადაუკეთა, დღის წესრიგი შეუცვალა, თვალსა და ხელს შუა აქციები და საპროტესტო მოთხოვნები წაართვა და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანა, რომ სისტემა და მთავრობა უნდა ჩამოინგრეს და ა.შ. შედეგად, აქციები ისე დასრულდა, რომ მგონი, იქ აღარც ზაზა სარალიძე იყო და აღარც საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ეს აქციები დაიწყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა პოლიტიკური პარტიების ჩართულობით აქციის მთავარი ლოზუნგი – „ნუ მომკლავ“, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა არ დაიკარგება, რადგან ხელისუფლებამ გაიგო და მიიღო ზაზა სარალიძისა და საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი, ვისაც სიმართლე აინტერესებს, ამ პროცესში ისინი ხელისუფლებასთან ერთად დგანან და მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“. 

თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიტიკურ ფარისევლობას ჰქონდა ადგილი.

„ბიუროს სხდომის ჩატარების დროს ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად ითხოვდნენ, მაგრამ როცა ცნობილი გახდა, რომ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი პრინციპულად დავუჭირეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიცია ნახევარ საათში შეცვალა და თქვა, რომ კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და ეს მთავრობის მხრიდან მანიპულაციაა. მათ ეგონათ, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნებოდა, ამ საქმეზე ჩვენ ხელის დაფარების პოლიტიკური ინტერესი გვქონდა და როგორც კი ნახეს, რომ ეს ასე არ იყო, ჩვენება მაშინვე შეცვალეს, რაც უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.