არჩილ თალაკვაძე - ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, რიგრიგობით უარს ამბობს მაჟორიტარების დასახელებაზე
არჩილ თალაკვაძე - ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, რიგრიგობით უარს ამბობს მაჟორიტარების დასახელებაზე

ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით არის გამორჩეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის  განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია.

„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს“ ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ცნობილია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ „არ იქნება“ პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში“.

„დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „ფეისბუქზე“  დაწერა.