არჩილ თალაკვაძე - ხაბეიშვილს ვეტყვი, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს
არჩილ თალაკვაძე - ხაბეიშვილს ვეტყვი, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს

ხაბეიშვილს ვეტყვი, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, ვაშაძეს კი ვეტყვი, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ზედმეტი მოლოდინი რომ არ ჰქონდეთ, მინდა, ოპოზიციურ ელექტორატს ჩემი მოკრძალებული მოსაზრება გავუზიარო – არ იფიქროთ, რომ აქ რაღაც ნათელი იდეაა, ამ ადამიანებს მართლაც რაღაც გამარჯვების ფორმულა აქვთ და გასაღები აქვთ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში არიან, ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ გასაღები აქვს ხელში. ერთს მინდა, ვუთხრა, რომ საკეტი, რომლის გასაღებიც მათ აქვთ, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა გამოცვალა, მეორეს კი მინდა, ვუთხრა, რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში რამე გადატვირთვა არ მოუვიდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სინამდვილეში ეს გაერთიანების პროცესი ბარიერის საკითხს უკავშირდება, რადგან ახალი კონსტიტუცია ევროპულ ბარიერს, 5%-ს ადგენს, რაც დასავლეთ ევროპას აქვს.

„ახლა ფიქრობენ, საერთოდ არ დავრჩეთ პარლამენტის გარეთო, რადგან იციან, რომ ზოგიერთი 0%-იანია, ზოგი კი – 1%-იანი; იციან, რომ თუ ვიღაცასთან არ გაერთიანდნენ, შეიძლება, პარლამენტის მიღმა დარჩნენ და მაგიტომ ერთიანდებიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში როდესმე უნდა მოხდეს სერიოზული, საქმიანი, სანდო პარტიების თუ ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეს კი ნულოვანი ბარიერით ვერ მოხდება, რაც შუალედური იყო, რათა ოპოზიცია განვითარებულიყო.

„მათ ეს დახმარება სხვანაირად გაიგეს. ასე გაიგეს, რომ უნდა დაირაზმონ და „ქართული ოცნება“ არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციური გზით როგორმე გამოიყვანონ პარლამენტიდან. აგერ უკვე მოადგათ ახალი არჩევნები კარს და რადგან ის დრო და დაფინანსება გაფლანგეს, რაც არ ვიცი, რაში გამოიყენეს, ახლა ძალიან მწირი არჩევანის წინაშე აღმოჩდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არჩევანი აქვთ – თუ არ გაერთიანდნენ, ვაშაძე თუ არ დაბრუნდა თავის პარტიაში და იქ ვიღაც თუ არ დაბრუნდა თავის პარტიაში, დარჩებიან პარლამენტის მიღმა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, არის თუ არა ხაბეიშვილის მხრიდან ერთგვარი აღიარება იმისა, რომ მათი შანსი არჩევნებში მინუს სააკაშვილის პირობებში საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენის ტოლფასია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:
„ხაბეიშვილმა რომ აღიარა ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება ამ ქვეყანაში, ეს ცხადია. ამ განცხადებით ხაბეიშვილმა აღიარა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას. დღეს ხაბეიშვილმა გვითხრა ისევ ის, რაც საზოგადოებამ ისედაც იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი კაცის პარტია და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სააკაშვილის, მერაბიშვილის და იმ ადამიანების დაბრუნებას, რომლებიც ხალხმა 2012 წელს არჩევნებით და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევით გაისტუმრა. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ისინი მზად იყვნენ სისხლიანი დაპირისპირებისთვის. ამისთვის მათ ყველანაირი რეზერვი ჰქონდათ შექმნილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ამ განცხადებით ასევე დაადასტურა, რომ მელია საფრთხეს უქმნიდა სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და ამიტომ გადააყენეს.

„რომ მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებებს გააკეთებს და რომ ის არის დროებითი მსახური და ადგილს უნახავს სააკაშვილს, ეს არის მისი განცხადება, მე ადგილს ვუნახავ სააკაშვილსო. არ იფიქროთ, რომ ვაშაძეს და სხვებს ამაზე ჰქონდეთ პრეტენზია. ყველა ეთანხმება ამას. კარგია ის, რომ ყველაფერს ერქმევა ისევ თავისი სახელი და რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან და სხვადასხვა ნომერი აიღონ, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.