არჩილ თალაკვაძე - კენჭისყრამდე ნიკა მელია თუ არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას და არ განაცხადებს, რომ სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს
არჩილ თალაკვაძე - კენჭისყრამდე ნიკა მელია თუ არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას და არ განაცხადებს, რომ სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს

კენჭისყრამდე ნიკა მელია თუ არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას და არ განაცხადებს, რომ სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა მანდატების მასიურ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოლაპარაკება და ის შედეგი მოჰყვა, როცა ოპოზიცია არის პარლამენტში.

„რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მან წინასაარჩევნო პერიოდში ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია, უახლოეს სხდომაზე განიხილოს მისი განცხადება და ეს სხდომა დღეს არის. რა თქმა უნდა, კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება, მანამდე ნიკანორ მელიას ან მის პოლიტიკურ გუნდს აქვს საშუალება, კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, გაიხმოს ეს გადაწყვეტილება და თავის განცხადება უკან, სხვა შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ის კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება, პარლამენტს ვალდებულება აქვს და ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

დღეს ჩანიშნულია პლენარული სხდომა, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება.

ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.