არჩილ თალაკვაძე - კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ზომები, რათა ფარულად და უსაფრთხოდ მისცენ ხმა სასურველ პარტიას
არჩილ თალაკვაძე - კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ზომები, რათა ფარულად და უსაფრთხოდ მისცენ ხმა სასურველ პარტიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში დისტანციურ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ საპარლამენტო არჩევნებსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ საარჩევნო კოდექსის რეფორმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესებია.

„ევროპელ კოლეგებთან დღეს გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები და გამოცდილება. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რათა საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამისთვის კანონმდებლობაში უკვე შესულია ცვლილებები. საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი, ამასთანავე, პანდემიის პირობებში იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს მიულოცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კოდექსის მიღება.

„წესები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში დავამტკიცეთ, ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმების განხორციელებას, რისი შესრულებაც მოქალაქეებისთვის არჩევნების დღეს სავალდებულო იქნება. ეს არის პირბადის გამოყენება, დეზინფექციის საშუალებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, უსაფრთხოების წესები თავად საარჩევნო უბნის შიგნით.

ასევე, გადავწყვიტეთ საკანონმდებლო ჭრილში, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში კარანტინში მყოფმა პირებმა, აგრეთვე თანამემამულეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, რადგან შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანაში, ოქტომბერში კვლავ იყოს ისეთი ეპიდსიტუაცია, რომელმაც ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. ყველა ამ საკითხზე პარლამენტმა იმსჯელა და ჯანდაცვის სამსახურებთან და ცესკო-სთან ერთად ოქტომბერში ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოების აღსრულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ზომები, რათა ფარულად და უსაფრთხოდ მისცენ ხმა მათთვის სასურველ პარტიას.

„უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები“, – დასძინა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი