არჩილ თალაკვაძე - კანონპროექტი, რომელშიც საქართველოდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება, ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს არ ეხებათ
არჩილ თალაკვაძე - კანონპროექტი, რომელშიც საქართველოდან დროებით გასვლაზე უარის თქმის საფუძვლები კონკრეტდება, ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს არ ეხებათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ მესაზღვრეს საქართველოდან დროებით გასვლისას მოქალაქის შეჩერებაზე სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია არ ექნება, რადგან შესაბამისი კრიტერიუმები კანონში მკაფიოდ გაიწერება.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს არ ეხებათ.

„ემიგრაციაში მყოფ ქართველებს პატივისცემას ვუდასტურებ. ჩვენი ქვეყნისთვის მათი შრომა განუზომლად დიდი და მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ქართველ მესაზღვრეებს საზღვარზე უფლება ექნებათ, შენგენის ზონაში წამსვლელი პირი შეაჩერონ, თუ მას წესრიგში არ აქვს – ბიომეტრიული დოკუმენტი პასპორტი, ვერ ასაბუთებს სად მიემგზავრება და როდის დაბრუნდება. მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ იმ პირებისა და ორგანიზაციების დასჯადობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც საზღვარზე ჩვენი თანამოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ახორციელებენ, რითაც კანონი და უვიზო რეჟიმის ძირითადი პრინციპები ირღვევა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეხებათ და არ შეეხებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ საუბარია ცვლილებებზე, რაც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი მიღწევა – ვიზალიბერალიაცია დაიცვას.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოსა და ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. საკონსტიტუციო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გარანტირებული იყოს. აღნიშნული ცვლილებები მათ არ ეხებათ. კანონპროექტი მომავალში დაიცავთ იმისგან, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, ტრეფიკინგის მსხვერპლი არ გახდნენ და საქართველოს უვიზო რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

პირველი არხის კითხვაზე – რა იგულისხმება საზღვარზე უკანონო გადაყვანაში, თალაკვაძე განმარტავს, რომ აქ იგულისხმებიან პირები და ორგანიზაციები, რომლებიც გარემოებებს წინასწარ, განზრახ აყალბებენ, რათა თანამოქალაქეები უკანონო მიგრაციაში შეიყვანონ და იმ რისკების წინაშე დააყენონ, რაც არც ერთ ადამიანს ხელს არ აძლევს, პირიქით, საზღვარგარეთ მათ თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

„ასეთი პირები წარსულში გამოვლენილი იყვნენ და ეს ანგარებით ხდება. ჩვენი სურვილია, რომ აღნიშნული ქმედება დასჯადი გახდეს და ამის ადმინისტრირება უფრო ეფექტიანი იყოს. რაც შეეხება ჩვენი მესაზღვრეების შეჩერების უფლებით უკეთ აღჭურვას, ასეთი უფლება ევროკავშირის მესაზღვრე-პოლიციელებს უკვე აქვთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველოშიც იგივე უფლება და ბერკეტი ჰქონდეთ, როგორიც ევროკავშირის ზონაშია“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

როგორც უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, როგორც თავშესაფარის მაძიებელთა, ასევე მიგრაციის მიმართულებით, საგანგაშო სტატისტიკა არ არის.

„ეს მექანიზმები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ეს პრობლემები საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ დადგება. კერძოდ, სასაზღვრო პოლიციას უფლება ექნება საზღვარზე შეაჩეროს პირი, რომელიც იმ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, რაც საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაში თავიდანვე ჩადებული იყო. პირველ რიგში, ეს მოქმედი ბიომეტრიული დოკუმენტია, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ შენგენის ზონაში წამსვლელმა მოთხოვნის შემთხვევაში დაასაბუთოს, თუ სად მიემგზავრება და როდის დაბრუნდება. ევროკავშირის მიერ დადასტურებულია, რომ პრევენციულ ზომებს დადებითი შედეგი აქვს, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას დაიცავს. დამატებით განვმარტავ, რომ პრაქტიკულად, მესაზღვრეს სუბიექტური გადაწყვეტილების დისკრეცია არ ექნება, რადგან კრიტერიუმები მკაფიოდ იქნება გაწერილი, რომელიც მან მოქალაქის შეჩერების შემთხვევაში უნდა შეამოწმოს“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში მმართველი გუნდის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყნებში, რომელთანაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა მას არ აქვს შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაცია.

ამასთან, ცვლილებებით, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.