არჩილ თალაკვაძე - ჯერ კეზერაშვილმა მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, ახლა მოვისმინეთ განცხადება, სადაც ირიბად აღიარებულია, რომ ჩარევა ხდება ტელევიზიის საქმიანობაში
არჩილ თალაკვაძე - ჯერ კეზერაშვილმა მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, ახლა მოვისმინეთ განცხადება, სადაც ირიბად აღიარებულია, რომ ჩარევა ხდება ტელევიზიის საქმიანობაში

ნელ-ნელა სიმართლე გამოაშკარავდა, ამის დაფარვა შეუძლებელი იქნებოდა და ვისაც ეგონა, რომ ყოველთვის დაფარული დარჩებოდა, ცდებოდა, საბოლოო ჯამში, სიმართლე დღის შუქზე გამოვიდა და ნელ-ნელა ირკვევა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები დეოლიგარქიზაციის კანონის ასეთი კატეგორიული მოწინააღმდეგეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძის განცხადებაში ირიბად აღიარებულია, რომ ჩარევა ხდება ტელევიზიის საქმიანობაში.

„ჯერ პირდაპირ პოლიტიკური აღიარებითი ჩვენება მისცა დავით კეზერაშვილმა ტელეეთერით, სადაც თქვა, რომ ის მართავს და აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკურ პარტიებს და ინდივიდუალურად პოლიტიკოსებსაც კი ვეხმარებიო, ასე განაცხადა. ახლა უკვე მოვისმინეთ მეორე განცხადება, სადაც ირიბად აღიარებულია, რომ აქაც ხდება ჩარევა ტელევიზიის საქმიანობაში. პარტიულ საქმიანობაში რომ ჩართულია, ეს ისედაც ვიცოდით და ჭარბ ფინანსებს რომ ფლობს, ესეც საზოგადოებამ იცოდა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ცხადია, ეს ადამიანები რადიკალური ოპოზიციიდან რატომ იყვნენ დეოლიგარქიზაციის კანონის ასეთი კატეგორიული წინააღმდეგები. როდესაც მათ კრიტერიუმები ნახეს, რას ნიშნავს ოლიგარქიული ჩარევა პოლიტიკაში და სახელმწიფო მართვის პროცესში, მიხვდნენ, რომ ეს კრიტერიუმები პირდაპირ მათ ეხებათ. ატეხეს განგაში და წერილები სულ პირიქით გადაწერეს, რომელსაც წარსულში ევროკავშირში აგზავნიდნენ. კატეგორიულად მოითხოვეს, რომ როგორმე ამ კანონის მიღება შეჩერებულიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, ისინი უკანონო ფულით იყვნენ ჩარეული როგორც მედიის, ისე პარტიების საქმიანობასა და პარტიულ პოლიტიკაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2024 წლის არჩევნები როგორც კი დასრულდება, შედეგები ზუსტად ასახავს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საზოგადოება მიიღებს.

„ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უკანონო ფული, არაჯანსაღი და გარე პოლიტიკური ჩარევები ვერ იქნება გადამწყვეტი და ვერ შეცვლის ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. 2024 წლის არჩევნები როგორც კი დასრულდება, შედეგები ზუსტად ასახავს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიიღებს და ამას ვერ შეცვლის ვერც მართული ტელევიზია, ვერც პოლიტიკური გაურკვეველი წარმომავლობის და ვერც ოლიგარქიული ჩარევა, ოპოზიციიდან ორი ადამიანი, სულ მცირე, პირდაპირ გამოიკვეთა, ვინც ამ კანონის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნებოდა, ასეთი კანონი რომ მიგვეღო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.

„გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე თუ „არტარეამ“, კულტურის მაგივრად, პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?“ – აღნიშნა ხაზარაძემ.