არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძესა და იენს სტოლტენბერგს შორის გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა, დღევანდელ განცხადებებში იკითხება, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდება
ბრიუსელში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული დღე საქართველოსთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. ეს იყო მაღალი დონის შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე ის რეფორმები და სამუშაო, რომელიც ჩვენ ორმხრივი პარტნიორობის რეჟიმში ნატო-სთან ერთად განვახორციელეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველო არის ნატო-ს საიმედო პარტნიორი რეგიონში და არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მონაწილე საერთაშორისო მისიებში.
„ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, ვაკმაყოფილებთ ნატო-ს ძირითად მოთხოვნებს, ეს თავად ნატო-ს ანგარიშებში არის დადასტურებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იენს სტოლტენბერგის გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, სწორი გზით. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ და რის გამოც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იყო სწორი და საჭირო სამუშაო. ასევე, იმედის მომცემი და პოზიტიური იყო მისი გზავნილი მხარდაჭერასთან, დამატებით პროექტებთან, პაკეტებთან დაკავშირებით, რაც უდავოდ წაადგება საქართველოს უსაფრთხოების გამტკიცებას.
გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და იმ საფრთხეზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, რომელიც ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს. მან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რისკი და ამის გათვალისწინება მართებს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას. ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც თავს გვესხმოდნენ ჩვენი ოპონენტები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რეალურად, პრემიერ-მინიტრ კობახიძის ბრიუსელში ვიზიტმა გამოაჩინა მთავარი – როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და პასუხისმგებლობით ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ქვეყანას აქვს ორმხრივ ურთიერთობებში.
„ამიტომაც, ეს არის ორივე მიმართულებით არსებითი პროგრესი. განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, ამ ყველაფერს ადასტურებს, იძლევა პოზიტიურ მესიჯებს მომავალთან დაკავშირებით. პირდაპირ იკითხება ამ განცხადებებში, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდება და რომ ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ ისტორიული მიზანი და ოცნება, რომელიც ჩვენს მშობლებს, შვილებს აქვთ – ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.