არჩილ თალაკვაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
არჩილ თალაკვაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

„მთავარი იყო, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა. მეორე ის იყო, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას. ეს იყო მთავარი გზავნილები. მან ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი. ეს არის დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუციური რეფორმები და, რაც მთავარია, მან კიდევ ერთხელ მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში. ეს გზავნილები იყო მოსმენილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილებს გაითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.