არჩილ თალაკვაძე იოჰანეს ჰანს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებიც.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, იოჰანეს ჰანი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის აქტიური იყო.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პატრნიორობის ფარგლებში იოჰანეს ჰანის ძირითადი ინიციატივა თბილისში ევროპული სკოლის შექმნა იყო, რაც მისი დამოკიდებულების გამომხატველია.

„იოჰანეს ჰანი არ გვემშვიდობება, ბიუჯეტის საკითხებში ევროკავშირის კომისარი იქნება. მასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვინდა, რომ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი ევროპული რესურსი, რათა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად იაროს. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა ხულორდავამ.

თავის მხრივ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის იოჰანეს ჰანის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, სადაც შეჯამება იყო იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.

დეპუტატის ცნობით, შეხვედრაზე იოჰანეს ჰანმა განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა სასამართლოს რეფორმასა და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე.

„ხაზგასმით აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ევროკავშირთან ურთიერთობებში, აუცილებელია, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს და ის ცვლილებები იყოს გაცემული, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთო-მ ქვეყანას მისცა“, – დასძინა სამადაშვილმა.