არჩილ თალაკვაძე - იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას და კონსენსუსი შედგება
არჩილ თალაკვაძე - იმედს გამოვთქვამთ, ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას და კონსენსუსი შედგება

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიცია გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას და კონსენსუსი შედგება.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემის შესახებ პოლიტიკური სპექტრისადმი „ქართული ოცნების“ შეთავაზება წარადგინა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად, მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინაპირობა კი, ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე და მიმართა პოლიტიკურ სპექტრს, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში.