არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ოპოზიცია და უმრავლესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდებიან
არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ოპოზიცია და უმრავლესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ოპოზიცია და უმრავლესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდებიან.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მთავარი მიზანია, რომ პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით ერთიანი და პრინციპული რეზოლუცია მიიღოს.

მისივე თქმით, რეზოლუციაში შეფასდება ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები და მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებები იქნება მოთხოვნილი, რაც უკავშირდება საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების დაშავებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განხორციელდეს.

“მუშაობას ყველა საერთაშორისო ფორმატში გავაგრძელებთ, რომ გიგა ოთოხოზირიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე საერთაშორისო ინტერესი მაღალი იყოს და საკითხი დღის წესრიგში დარჩეს, რათა საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით მომავალში ამგვარი ფაქტების პრევენცია მოხდეს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დეპუტატის ცნობით, რეზოლუციის შინაარსზე შეთანხმების მიზნით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, დოკუმენტის კი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავენ.

პარლამენტში მომზადებულია რეზოლუციის ორი პროექტი, რომელიც უმრავლესობასა და უმცირესობას ეკუთვნით. მხარეები ერთ დოკუმენტზე შეჯერების მიზნით კონსულტაციებს მართავენ.