არჩილ თალაკვაძე - იმედია, საარჩევნო სისტემაზე განსხვავებული არგუმენტები შეჯერდება და შეთანხმება შესაძლებელი იქნება
არჩილ თალაკვაძე - იმედია, საარჩევნო სისტემაზე განსხვავებული არგუმენტები შეჯერდება და შეთანხმება შესაძლებელი იქნება

ოპონენტები სუბიექტურ, ზოგჯერ დესტრუქციულ დამოკიდებულებას იჩენენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სიმართლე კი ის არის, რომ 2017 წლის დაპირება, საქართველოს ექნებოდა ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ასახული, „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წელს შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საარჩევნო სისტემის შეცვლა მოხდენა 2024 წელს და ასეთი გადაწყვეტილება უახლოეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ.

„აქამდე, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ ამ რეფორმას. ახლა ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას. მეგობრებო, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას, მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. დამოკიდებულება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას, იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი, ის ცუდია და უნდა დაიხუროს, არის არადემოკრატიული და არათანმიმდევრული. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველი ძალა მხარს უჭერს დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან – 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს“. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას, ვიდრე დღევანდელი სისტემაა. ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათ პარტიებს აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ხოლო მათ ლიდერებს ხალხი ენდობა. ეს განცხადებებიც თქვენ არაერთხელ მოისმინეთ. მაშინ გაუგებარია, რატომ არ სურთ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში. იმედია, განსხვავებული არგუმენტების შეჯერება მოხდება საბოლოოდ და შეთანხმება შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დიალოგის ფასილიტატორებს – აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას და გერმანიის საელჩოს მადლობა გადაუხადა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი