არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოურთდება
არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოურთდება

დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეორე ოპოზიციური პარტია შემოურთდება საქართველოს პარლამენტს, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, რის შემდეგაც კენჭი ეყრება მათ განცხადებებს და როგორც თალაკვაძე ამბობს, საქართველოს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„მანდატები რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რათა ღია დავტოვოთ კარი ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის, რათა ისინი საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდნენ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების პოზიცია გახლავთ ერთიანი, რომ დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება შეუთავსებელია დემოკრატიასთან. სწორედ ამიტომ, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას, რომ საკუთარი მხარდამჭერების ნება გაითვალისწინონ და შევიდნენ, იმუშაონ პარლამენტში.

ჩვენი სულისკვეთება სწორედ ეს არის, რომ საბოლოო ჯამში პარლამენტმა ზუსტად ისეთი სახით იმუშაოს, როგორც საზოგადოებამ აირჩია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ამ კვირაში ეწურება განცხადებების განხილვის ვადა, რომლითაც ოპოზიციამ მიმართა პარლამენტს მანდატების შეწყეტასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარული სხდომა კენჭისყრის პროცედურით, რაც ნიშნავს, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს და კენჭს უყრის ოპოზიციის მიერ შემოტანილ განცხადებებს. კიდევ რჩება დრო, რომ ოპოზიციამ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოს. ვინაიდან, მაშინ, როდესაც ეს განცხადებები შემოიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აბობდნენ, თითქოს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ნახეთ, რომ ამას ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა და ჩვენ საპასუხოდ შევთავაზეთ გადათვლა, ერთობლივი საპარლამენტო კომისია, შედეგების შედარება პარალელური დათვლის მონაცემებთან, რაზეც მათ უარი განაცხადეს. შესაბამისად, ეს ბრალდება დღეს უსაფუძვლოა.

მეორე არგუმენტი, რასაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პოლიტიკური პარტია პარლამენტში იქნება მარტო. მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე ეს სტატუსკვო არის შეცვლილი. პარლამენტში უკვე არის ერთი ოპოზიციური პარტია და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეორე ოპოზიციური პარტია შემოურთდება საქართველოს პარლამენტს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სასურველია, ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და ამაზე პარლამენტი გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, თუ რა იქნება ეს გადაწყვეტილება. ამაზე გუნდში კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საუკეთესო ინტერესებში იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის. ასევე იმისთვის, რომ ხალხის ნება განხორციელდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დააფიქსირეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.