არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ დიალოგი
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ დიალოგი

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმამ მოიტანა და სადაც პარლამენტი კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამართული საკომიტეტო მოსმენები საზოგადოებას აჩვენებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაშიც არის აქტიური და ეს აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგ პერიოდში.

„ამ ფონზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. ორი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს წარმოდგენილია პარლამენტში, სულ უფრო მეტად იყენებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, თუმცა ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც, რასაც ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს.

არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს, რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

„პარლამენტის გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და მე ვფიქრობ, ეს სიგნალი და ეს მოწოდება უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა პრინციპული მზადყოფნა ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დიალოგის ფარგლებში იყო დასმული. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ გამართულ დიალოგზე, რომელსაც ბატონი დანიელსონი უწევდა მოდერაციას, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებზე დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა. ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც რა თქმა უნდა მთელი პოლიტიკური სისტემის როლი გახლავთ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტი და მთავრობა ორიენტირებულია მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.

„რა თქმა უნდა ამ პოლიტიკური მოლაპარაკებისა და პროცესის გარდა ჩვენთვის დღეს არის ძალზედ პრიორიტეტული, რომ ვუპასუხოთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს დგას ქვეყანაში, სწორედ ამიტომ, პარლამენტიც თავის საქმიან დღის წესრიგს ადგენს და მუშაობს ამ თემებზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.