არჩილ თალაკვაძე - ჰააგის სასამართლოს მტკიცებულებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარედგინა
არჩილ თალაკვაძე - ჰააგის სასამართლოს მტკიცებულებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარედგინა

პასუხი უნდა გაეცეს იმ სამარცხვინო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ კამპანიას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, – ასე მიმართა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ცდილობს, დაამახინჯოს რეალობა, რაც ჰააგის პროცესის გარშემო არსებობს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჰააგის სასამართლოს მტკიცებულებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში წარედგინა, მტკიცებულებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო უყურადღებოდ მიტოვებული. თუ დღეს ჰააგის სასამართლოში მყარი მტკიცებულებები აქვს საქართველოს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ჰააგის პროცესი  საქართველოს წინააღმდეგ შემოატრიალოს. სამარცხვინოა, რა განცხადებებსაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ჯარისკაცებს ემუქრებათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ტყუილია.

„ჩემო ჯარისკაცებო, ეს არის სიცრუე. თქვენ არ ემსახურებით „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენ ემსახურებით სამშობლოს და გააგრძელეთ ქვეყნის დაცვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე  გაეცემა პასუხი და აღნიშნული რიტორიკა დასრულდება.

„თქვენ პარტიას სამხედრო ფორმა არ აცვია, თქვენ პარტიას აცვია სისხლიანი ხალათი“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჰააგაში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლა მოითხოვა.