არჩილ თალაკვაძე - გვსურს, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი
არჩილ თალაკვაძე - გვსურს, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი

საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი გუნდი წავედით შემხვედრ ნაბიჯზე  და გადავწყვიტეთ, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელისუფლო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებში დაინერგა საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ. მოგეხსენებათ, 2024 წელს  უნდა გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი გუნდი,  წავედით შემხვედრ ნაბიჯზე, ერთი თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ხსნის პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რადგან მომავალში ქვეყანაში პოლიტიკა უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი იყოს.

„ჩვენ გვსურს, გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, უფრო დაბალანსებული და მშვიდი, შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის“, – განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს იწყება ამ საკითხებზე კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ იმართება.