არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, რომ პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში
არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, რომ პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში

გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ სიტყვას მკაფიოდ იტყვის და მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენმა პარტიამ მხარი დაუჭირა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს, იყო მისი საერთაშორისო გამოცდილება, ნდობა და რწმენა მისი პროფესიონალიზმის მიმართ დიპლომატიის სფეროში. გვჯერა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ სიტყვას მკაფიოდ იტყვის და მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, მით უმეტეს, იმ რეალობაში, როცა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენ უფრო ქმედითი გადაწყვეტილებები გვჭირდება და ამაზე ისაუბრა თავად პრეზიდენტმაც.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამართა მაღალი დონის ვიზიტები ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, შეხვდა ევროკავშირის ლიდერებსა და ქვეყნის პირველ პირებს, პრეზიდენტ მაკრონს და კანცლერ ანგელა მერკელს. მოვისმინეთ ძლიერი პოზიტიური გზავნილები საქართველოს მხარდასაჭერად. ზუსტად ეს არის ის მისია და ის შედეგები, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერდით, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს.

„პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი ასევე ავღანეთში სადაც შეხვდით ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან ძალიან შორს იცავენ მშვიდობას მსოფლიოში, იცავენ იმ მშვიდობას, რომელიც საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო გაბედული და სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ეს იყო პირდაპირი გზავნილი ჩვენი ჯარისთვის, პირდაპირი გზავნილი ჯარისკაცებისთვის, რომ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში აკეთებენ არა მხოლოდ ცივილიზებული მსოფლიოს საქმეს, აკეთებენ საქართველოს საქმესაც.

ჯარისკაცებს, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს მისიებში, ემსახურებიან თავისუფლების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვის იდეას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, არასოდეს ვეტყვით მათ, რომ ოდესმე შეიძლება ჩვენი კურსი შევიცვალოთ, შევიცვალოთ გადაწყვეტილება და ერთგულება იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ისინი იცავენ დღეს თუნდაც ავღანეთში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თმით, ევროკავშირი, ნატო და დასავლეთი საქართველოს ბუნებრივი ადგილი და მტკიცე არჩევანია, რაზეც პრეზიდენტმა დღეს ხაზგასმით ისაუბრა.

ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, ამ წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, მათ შორის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არჩევნების გზით ხდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გვყავს ქალი პრეზიდენტი, რაც ხაზს უსვამს თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყანაში, ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო დიდი ისტორიით, სადაც ქალის ადგილი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანია დღესაც.
ამ წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებით, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, მათ შორის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, ხდება არჩევნების გზით, რაც საფუძველს მაძლევს დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადია და არჩევნები გახდა საბოლოდ ის გზა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა უკვე სისტემატურად ირჩევს ქვეყნის პირველ პირებს.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი არჩევისა და ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა საქათველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიღებაში ჩვენ ყველას ერთად, საზოგადოების ჩართულობით ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი და კონსტიტუციის ამ რედაქციით, სწორედ თქვენ გეკისრებათ მნიშვნელოვანი მისია და ფუნქცია, შეძლოთ საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური პარტიების გაერთიანება საქართველოს ინტერესების და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

მოხარული ვარ, რომ თქვენგანაც მკაფიო გზავნილები მოვისმინე ამ მიმართულებით და ველით, რომ საქართველოს პრეზიდენტი არსებითად დაგვეხმარება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ეკოლოგიური რეფორმების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გარშემო პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე, სასამართლოსა და მართლმსაჯულების რეფორმებზე, ტურიზმზე, ქვეყნის ოკუპაციასა და იმ პროცესებზე, რომლებიც ოკუპაციის სახელით კვლავ გრძელდება.

„რა თქმა უნდა, აღქმა და შეფასებები, რომელიც თქვენ გააკეთეთ, პარლამენტში სრულად გაზიარებულია. ეს არ არის გაყინული პროცესი, ეს არ არის ოკუპაცია, რომელიც დასრულდა, ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან ფხიზელ და სახელმწიფოებრივ რეაგირებას და ამაშიც თქვენ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი გაქვთ. ისაუბრეთ რეგიონების განვითარებაზე. მოხარული ვარ, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის რეგიონების, ქალაქებისა და სოფლების საჭიროებებზეც არის სრული კონსესუსი.

მიგრაცია, კულტურის კიდევ უფრო წარმოჩენა და გატანა საზღვარგარეთ, ახალი შესაძლებლობები, დასაქმება და უკეთესი განათლება ახალგაზრდებისთვის, სასამართლო და მართლმსაჯულების რეფორმები, ტურიზმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ისაუბრეთ, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმედს და მოლოდინებს, რომ თქვენ გაქვთ კომპლექსური აღქმა დღეს ჩვენს ქვეყნაში არსებული ვითარების და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პოზიციების.

მინდა, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გისურვოთ წარმატებები თქვენ საქმიანობაში და ასევე ჩვენს საზოგადოებას ვუსურვო, რომ არჩევანი, რომელიც გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნებში, იყოს გამართლებული. ასევე თქვენი მესიჯიც, გზავნილიც მიღებულია, რომ თქვენ ხართ ყველას პრეზიდენტი, თითოეული მოქალაქე არის მნიშვნელოვანი, პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიქვამდეს როგორც საკუთარ ინსტიტუტს, აღიქვამდეს როგორც საზოგადოების, თავისი ქვეყნის ნაწილს, რომელზეც მასაც მიუწვდება ხელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.