არჩილ თალაკვაძე - გვინდოდა, კანონპროექტებზე ფართო დისკუსია ყოფილიყო, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ ამ პროცესს ხელი შეუშალა და განხილვები დაბლოკა
არჩილ თალაკვაძე - გვინდოდა, კანონპროექტებზე ფართო დისკუსია ყოფილიყო, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ ამ პროცესს ხელი შეუშალა და განხილვები დაბლოკა

გვინდოდა, ამ კანონპროექტებზე ფართო დისკუსია ყოფილიყო, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ, ვინც ახლა ცდილობს, საზოგადოების განწყობები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ამას ხელი შეუშალა და განხილვები დაბლოკა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი თანამოქალაქეების წუხილებს კანონპროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის, ვინც ჩვენი საზოგადოების წევრია, მათი მოსაზრება, მათი წუხილები, მათი შეკითხვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მომავალში ფართო დისკუსია და განხილვები უზრუნველვყოთ ამ კანონპროექტზე. ასე გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვნახეთ, ზუსტად ამ რადიკალურმა ოპოზიციამ, ვინც ახლა ცდილობს, რომ საზოგადოების განწყობები ისევ გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, ხელი შეუშალა მაქსიმალურად და დაბლოკა მაქსიმალურად, რომ ყოფილიყო ფართო დისკუსია და განხილვები ამ კანონპროექტზე. საბოლოო ჯამში, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ ფართო დისკუსიის საფუძველზე.

რაც შეეხება მათ მოწოდებებს, თითქოს ხელისუფლება არის საქართველოს ევროპული ვექტორის წინააღმდეგ, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ გვეუბნება ამას. კიდევ ერთხელ, ერთად რომ გავიხსენოთ, ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაასამარა ყველაფერი ევროპული, იქნებოდა ეს თავისუფალი მედია, საკუთრება, ადმიანის უფლებები და ყველა ევროპული ღირებულება. ვერ მეტყვით ვერცერთ მიღწევას, რომელიც მათ ჰქონდათ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სამაგიეროდ, 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად მივაღწიეთ არსებით პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე შეგახსენებთ, ეს იყო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ეს იყო ევროპული პერსპექტივის აღიარება ძალიან მაღალ დონეზე ევროპული კომისიის მიერ. ეს იყო საქართველოს სამართალდამცავი სისტემის პარტნიორობა და აღიარება ევროპოლთან, იუსტიციის სამინისტროს აღიარება და თანამშრომლობა ევროჯასტთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა კონონპროექტის განხილვის დრო, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არანაირ აჩქარებას ადგილი არ ჰქონია.

„ორშაბათიდან ხუთშაბათამდე რომ არის სესია, ერთი დღით ადრე ჩატარდებოდა თუ ერთი დღით გვიან, საბოლოო ჯამში, დიდ სურათში, არანაირი აჩქარება ეს არ არის. მით უმეტეს, უფრო კონკრეტული პასუხი რომ გაგცეთ, რა აჩქარებაზე მესაუბრებით, როდესაც უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და დაახლოებით ორი-სამი თვე დასჭირდება მიღებას დასკვნების. ამის გარეშე არ განახლდება, რა თქმა უნდა, განხილვები ამ კანონპროექტის. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება დგამს ნაბიჯს და აგზავნის ვენეციის კომისიაში, რომელსაც ორი-სამი თვე სჭირდება, რა აჩქარებაზე მელაპარაკებით. აჩქარება იქნებოდა, როგორც ამას აკეთებდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, როცა იღებდა კანონებს ისე, რომ არც ექსპერტულ მოსაზრებებს ელოდა და არც ვინმეს ეკითხებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.