არჩილ თალაკვაძე - გვესმის მოქალაქეთა არგუმენტები, რამდენად სამართლიანია, პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, მიიღონ გადასახადების გადამხდელთა ფული
არჩილ თალაკვაძე - გვესმის მოქალაქეთა არგუმენტები, რამდენად სამართლიანია, პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, მიიღონ გადასახადების გადამხდელთა ფული

გვესმის მოქალაქეების არგუმენტები, რომლებიც ამბობენ, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი გადასახადებიდან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც საზოგადოების ნაწილმა მისცა ხმა, რათა მათ იმუშაონ პარლამენტში და ეს დაფინანსება მიიღონ არჩევნების საფუძველზე, როგორც ეს არის გაწერილი, თუ ეს პარტიები ამ ყველაფერს უგულებელყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გვესმის მოქალაქეების არგუმენტები – მაშ, რა საჭიროა ან რამდენად სამართლიანია ასეთ დროს პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული, თუმცა ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ხედავთ, ზუსტად ეგ განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ აქ ყველა მხარეს ვუსმენთ, ვითვალისწინებთ ყველა არგუმენტს. გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდირში ეს პროექტი, დაველოდებით მათგან მარტში უკვე მოსაზრებას, დასკვნებს და მივიღებთ დაბალანსებულ, სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტას, ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს სესიის დასაწყისში.

„აქაც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ეს გადაწყვეტილება არის მისაღები პარლამენტის წევრი დეპუტატების იმ განხილვის საფუძველზე, რომელიც პარლამენტში ამასთან დაკავშირებით შედგება. ჩვენი სურვილი არის პარლამენტი იყოს ზუსტად ისეთი სახით, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. შეგახსენებთ, რომ ეს არის ცხრა პოლიტიკური პარტია, რომლიც უნდა შესულიყო ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში და ჯერ შესულია ორი პოლიტიკური პარტია, სამი პოლიტიკურ პარტია საუბრობს შესვლის სურვილზე. დანარჩენები სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე მეტი ქალია პარლამენტში წარმოდგენილი, ოპოზიციას აქვს მეტი ინსტრუმენტი და ბერკეტები ხელისუფლების ოპონირებისთვის, კონტროლისთვის. პარლამენტს აქვს უფრო ქმედითი ინსტრუმენტები ზედამხედველობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს არის ის რეალობა და განსხვავება, რომელიც ნებისმიერ წინა პერიოდთან შედარებით დღეს საქართველოს დემოკრატიას ახასიათებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი