არჩილ თალაკვაძე - გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას
არჩილ თალაკვაძე - გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას

წეროვანში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისთვის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი არის ძალიან მაღალი სტანდარტებით და შესაძლებლობებით აღჭურვილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ცენტრში რეაბილიტაციას გაივლიან არამხოლოდ ქართველი სამხედროები, ასევე საერთაშორისო მისიებში დაშავებული საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სამხედროები.

„თავის მხრივ, ძალიან სტრატეგიულია მსგავსი ცენტრის აშენება აქ, წეროვანში. ვფიქრობ, სოციალური პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახორციელებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი ჩვენს სახელმწიფოში. სიმბოლურია, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში და მათი უშუალო დახმარებით, დღეს ჩვენ შევძელით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ჯანდაცვითი პროექტის აშენება წეროვანში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო დასავლეთისთვის, ნატო-სთვის და აშშ-სთვის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედ რჩება რეგიონსა და საერთაშორისო მასშტაბით.

„ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იცავენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.