არჩილ თალაკვაძე - გუშინ საღამოს დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში
არჩილ თალაკვაძე - გუშინ საღამოს დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს გუშინ პირადად დაუკავშირდა და სთხოვა, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ საღამოს პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ თავისი მშვიდობიანი პროტესტი, გაეგრძელებინათ მანიფესტაციები, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში და დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებს ასევე შესთავაზა, პარლამენტში გადაეტანათ დისკუსია.

„შევთავაზე, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ საკუთარი პოზიციები და აინტერესებთ ჩვენი პოზიციები, გამოვთქვი მზადყოფნა, ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში. ასევე, ნიშანდობლივია კოლეგებო, რომ განცხადება გააკეთეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, სადაც მათ მიმართეს მხარეებს. ციტატას ვკითხულობ – მათ შორის, მათ, ვინც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებს, მოუწოდეს კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში ემოქმედათ. ზუსტად ეს იყო ის, რაზეც ოპოზიციის ლიდერებს მეც ვესაუბრე და მეც ვთხოვე, რომ პროცესები, მანიფესტაცია, პროტესტის გამოხატვა დაებრუნებინათ მშვიდობიანი პროტესტის პრინციპებისა და კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი