არჩილ თალაკვაძე - გრიგოლ ვაშაძის მიზანი არა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელება, არამედ დესტაბილიზაციაა
არჩილ თალაკვაძე - გრიგოლ ვაშაძის მიზანი არა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელება, არამედ დესტაბილიზაციაა

გრიგოლ ვაშაძის მიზანი არა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელება, არამედ დესტაბილიზაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი კიდევ უფრო ნათელი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებასა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით აქციებს გულისხმობს.

„რაც მან უთხრა „დოიჩე ველეს“, რომ სათავეში ჩაუდგება ქუჩის პროტესტს, სადაც 50-60 ათას ადამიანთან ერთად შეცვლის მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს, ეს არის რეალურად მათი გეგმა. ფაქტია, რომ მისი მიზანი არის არა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელება, არამედ დესტაბილიზაცია და დესტაბილიზაციის გზით, ტროას ცხენის როლის შესრულება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, ამავე დროს, გრიგოლ ვაშაძის განცხადებები ანტიკონსტიტუციურია.

„გრიგოლ ვაშაძე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მან უნდა დააბრუნოს სააკაშვილი, გამოუშვას სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უმძიმესი დანაშაულებების გამო არიან პატიმრობაში და ქუჩაში გამოიყვანს ხალხს, ჩაუდგება ამას სათავეში, რათა ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად არაკონსტიტუციურია. ეს განცხადება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ვფიქრობ, ამაზე მეორე ტურში საზოგადოების ძალიან პრინციპულ რეაქციას ნახავენ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.