არჩილ თალაკვაძე – გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ საპრეზიდენტო მანდატი არ აინტერესებს, ის მთავრობისა და პარლამენტის შეცვლას, დესტაბილიზაციას შეეცდება
გრიგოლ ვაშაძის შტაბი ცდილობდა, ვაშაძე გადაემალათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან ის თქვა, რასაც გულში ფიქრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო მედიამ, კერძოდ „დოიჩე ველემ“ ვაშაძე პოლიტიკურ რენტგენში გაატარა. ყველამ დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედია გრიგოლ ვაშაძის განცხადებებისა და დაპირებების გადამალვას საგულდაგულოდ ცდილობდნენ. გამოიყვანეს სააკაშვილი, განცხადება გააკეთებინეს მერაბიშვილის ადვოკატს, რომ თითქოს მათ შეწყალება არ სურთ. ამგვარად იმ მთავარი დაპირების მიჩქმალვა სცადეს, რომელიც ვაშაძემ გააკეთა. სინამდვილეში, ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ თქვა, რომ მას საპრეზიდენტო მანდატი არ აინტერესებს. ის სათავეში ათეულ ათასობით ადამიანს და ქუჩის აქციებს ჩაუდგება. მთავრობისა და პარლამენტის შეცვლას, ასევე დესტაბილიზაციას შეეცდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის მიზანი დესტაბილიზაციაა.
„ასევე მან ნათლად გაიმეორა, რომ აპირებს სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს, შეიწყალოს ის და ყველა მაღალჩინოსანი, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან მსჯავრდებულები. ეს რეალურად იმ კამპანიის დასასრული იყო, სადაც მისი შტაბი ცდილობდა, ვაშაძე გადაემალათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან ის თქვა, რასაც გულში ფიქრობს. მისი მიზანი არა პრეზიდენტობა, არამედ დესტაბილიზაციაა, რისი საშუალებაც, რა თქმა უნდა, არ ექნებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.