არჩილ თალაკვაძე - გიორგი შენგელიას ვერავინ ვერანაირი ზეწოლით აიძულებდა, თანამდებობა დაეტოვებინა
არჩილ თალაკვაძე - გიორგი შენგელიას ვერავინ ვერანაირი ზეწოლით აიძულებდა, თანამდებობა დაეტოვებინა

სავარაუდოდ, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილება უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას. უკვე დავიწყეთ მსჯელობა მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის მერის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაიმე პოლიტიკურ ზეწოლა გამორიცხულია.

„პოლიტიკურ ზეწოლას ორი მიზეზის გამო გამოვრიცხავდი. პირველი – იმ განმარტებების გამო, რაც გააკეთა გიორგი შენგელიამ. მეორე – ის არის მოქალაქეების მიერ პირდაპირ არჩეული პირი და ასეთი გადაწყვეტილება თავად რომ არ მიეღო, ვერანაირი ზეწოლით მას ვერავინ აიძულებდა, თანამდებობა თავად დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესია, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე მუნიციპალიტეტმა მოქალაქეებს ის სერვისები მიაწოდოს, რაც მერიას ევალება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დღეს დატოვა.