არჩილ თალაკვაძე - გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან
არჩილ თალაკვაძე - გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა! გმირის, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!

მინდა, მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს! დიდება გმირებს!“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა.

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.