არჩილ თალაკვაძე - გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ
არჩილ თალაკვაძე - გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ

დავფიქრდეთ, რა გვჭირდება სკოლაში, პოლიციაში და რა უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს

პარლამენტის თავმჯდომარემ 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა პარლამენტის სახელით, თითოეული თქვენგანის სახელით მომხდარის გამო. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია. სამწუხაროდ, გაუცხოების, სოლიდარული კულტურის შესუსტების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების, პროცესების აჩქარების გამო, რომელსაც დღეს აქვს ადგილი თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან ადამიანები, მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა მთავრობისა და პარლამენტის რეაგირებას არასრულწლოვანთა საკითხებთან დაკავშირებით.

„მინდა, პირველ რიგში მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და პარლამენტის კომიტეტების რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ვინმეზე შური იძიოს ამ შემთხვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვჭირდება სკოლაში, რა გვჭირდება პოლიციაში და რა უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი შვილები დღეს, შეიძლება, იყვნენ ჩვენი შვილები ხვალ. სწორედ ამ სულისკვეთებით და ამ გადმოსახედიდან გადავდგათ ნაბიჯები და უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი. ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა. ეს არის ჩვენი შვილების საზოგადოება, სადაც ახალმა თაობამ, ბავშვებმა, რომლებიც დღეს დადიან სკოლაში, ხვალ უნდა იარონ იმ სამსახურებში, იმ ქუჩებში და იმ სივრცეში, სადაც დღეს ჩვენ დავდივართ. უნდა იარონ პარლამენტში და თვითონ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები. ეს რომ გააკეთონ, დღეს ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი და დღეს ჩვენ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.