არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას არავინ მისცემს, მისი დრო დასრულდა, დღეს მოდის ახალი ოპოზიცია
არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას არავინ მისცემს, მისი დრო დასრულდა, დღეს მოდის ახალი ოპოზიცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა, თუმცა ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ის ასე რომ არ ფიქრობს და არც ფიქრობდა, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან საზოგადობამ ის პოლიტიკიდან გაიყვანა, და გარწმუნებთ, რომ არჩევნების გზით ის ვერასოდეს ვერ დაბრუნდება, რა თქმა უნდა, არც არეულობის შესაძლებლობას მას აქ არავინ მისცემს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, სააკაშვილი ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები და თანაპარტიელები.

„თუმცა ისიც ვნახეთ, რას ფიქრობენ მასზე თავისი თანაპარტიელები და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება. მისი დრო დასრულდა, დღეს მოდის ახალი ოპოზიცია, ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკვე მერამდენედ ჩატარდა  და ნახეთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში 9 პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, იმუშაოს, მეტი ქალი არის წარმოდგენილი და შეცვლილია საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური თაობა საქართველოში ოცნებობდა. ეს მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდა, შეიცვალა ის პროპორციულით, შეიცვალა კონსტიტუცია, შემოვიტანეთ საპარლამენტო მმართველობა, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი“, – განაცხადა თალაკვაძემ.