არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს
არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს

გარწმუნებთ, ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია, ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია, ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ, შესაბამისად, აქ სხვა კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში, მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციების წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღდმეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და ტრადიციაზე. მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.