არჩილ თალაკვაძე - გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა ძალიანაც უნდოდა და სწორედ ამ ჯგუფმა წამოიწყო მელიას წინააღმდეგ სპეცოპერაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს მეტ აგრესიას
არჩილ თალაკვაძე - გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა ძალიანაც უნდოდა და სწორედ ამ ჯგუფმა წამოიწყო მელიას წინააღმდეგ სპეცოპერაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს მეტ აგრესიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გამოჩნდა, რომ ლევან ხაბეიშვილს ყოველთვის უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, თუმცა ამას საჯაროდ არ ამბობდა.

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ ამ ჯგუფმა წამოიწყო სპეცოპერაცია პარტიის შიგნით მელიას წინააღმდეგ.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გადაარჩენს, ვინაიდან მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს, არ ჰყავს გუნდში მომავლის ლიდერები, მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს ნაკლებ საინტერესოა, რა გადაწყვეტილებებია მიღებული „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და ვინ იქნება ხელმძღვანელი ისევ წარსულის პოლიტიკიდან ამ პარტიისთვის. ეს არის ის, რაც ბატონ ხაბეიშვილს ყოველთვის უნდოდა. საჯაროდ ამბობდა, რომ არ უნდა, თუმცა გამოჩნდა, რომ ძალიანაც უნდოდა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო. ასევე, დადასტურდა, რომ ეს იყო სწორედ ამ ჯგუფის მიერ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით მელიას წინააღმდეგ და პირდაპირ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს უფრო მეტ აგრესიას. ანუ, გადაირჩევს აგრესიას და უფრო მეტ აგრსესიას აირჩევს. თავიდანვე ვთქვით, რომ ვინც უფრო აგრესიულია, ვინც უფრო ხმამაღლა ყვირილს შეძლებს და ვინც უფრო მეტად უსამართლო ბრალდებებს გააკეთებს ხელისუფლების მისამართით, სწორედ მას დარჩებოდა ადგილი, რომელსაც მელია გამოათავისუფლებს. ასეთი სავარაუდოდ აღმოჩნდება ლევან ხაბეიშვილი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გადაარჩენს, ვინაიდან მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს, არ ჰყავს გუნდში მომავლის ლიდერები, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს თავისი საქმით არაერთხელ დაადასტურეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს.