არჩილ თალაკვაძე - გამოცდა არ არის მძიმეწონიანი საკითხი, რომელზეც შეთანხმება და გადაწყვეტილება გაჭირდება
არჩილ თალაკვაძე - გამოცდა არ არის მძიმეწონიანი საკითხი, რომელზეც შეთანხმება და გადაწყვეტილება გაჭირდება

გამოცდა არ არის ის მძიმეწონიანი საკითხი, რომელზეც შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იყოს.

„ეს არ არის ის მძიმეწონიანი საკითხი, რომელზეც შეთანხმება, თუ გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება და ხვალ, სხდომის შემდეგ, მაღალი ალბათობით, უმრავლესობის პოზიცია ცნობილი გახდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ კრიტერიუმში აუცილებლად უნდა იყოს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც ფორმით გადამოწმებადი და დასაბუთებული იყოს ადამიანის კომპეტენცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეს.

„ან ეს უნდა იყოს აღიარებული სხვა ფორმით, ან ეს უნდა იყოს აღიარებული გამოცდის ჩაბარების წესით. არ ვფიქრობ, რომ ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ კიდევ ერთხელ გვემსჯელა, უბრალოდ, ამ ორიდან კრიტერიუმში რომელი უნდა დარჩეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია მიესალმება ინტერესთა კონფლიქტის იმ სტანდარტს, რომელიც მმართველ გუნდს კანონპროექტში აქვს ასახული და კომისია ასევე ამბობს, რომ ეს მუხლი მაქსიმალურად უნდა იყოს გაწერილი და იუსტიციის საბჭოს წევრების კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, ყველა ეტაპზე ხმის მიცემის, თუ მონაწილეობის საკითხი მკაფიოდ იყოს დარეგულირებული.

„წინასწარი პოზიცია არის მზადყოფნა, რომ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ასე რომ, ახალ რედაქციაში ეს კიდევ უფრო დეტალურად იქნება ასახული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოხდება თუ არა მოსამართლეთა ეტაპობრივი შერჩევა და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ვენეციის კომისიის მოწოდებას, რომ შესაძლებელია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მომავალი მოწვევის პარლამენტს გადაებაროს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხს უკავშირდება და მმართველი გუნდი მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განიხილავს, როდესაც კანდიდატები და მათი რაოდენობა იქნება ცნობილი, მაგრამ მანამდე, მიჰყვება დასკვნის ტექსტში მოცემულ რეკომენდაციას და აუცილებლად გაივლის კონსულტაციას სასამართლო ხელისუფლებასთან, რათა განსაზღვროს, რამდენი წევრი სჭირდება უზენაეს სასამართლოს შეუფერხებელი მუშაობისთვის.

„ჩემი ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, პირდაპირ გეტყვით, რა წერია დოკუმენტის ტექსტში. იქ წერია, რომ კანონპროექტის ავტორებმა და პარლამენტმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაიარონ, რათა განსაზღვრონ, თუ რამდენი წევრი სჭირდება უზენაეს სასამართლოს შეუფერხებელი მუშაობისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.