არჩილ თალაკვაძე - გადადგომის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო, საზოგადოებამ განსაჯოს, არის თუ არა 24 საათი გვიანი ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის
არჩილ თალაკვაძე - გადადგომის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო, საზოგადოებამ განსაჯოს, არის თუ არა 24 საათი გვიანი ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის

ჩვენი მხრიდან პოლიტიკური რეაქციები და პასუხისმგებლობა სათანადო იყო, საზოგადოებას დავანახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნას პასუხისმგებლობით ეკიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„პროტესტი გასაგებია და ჩვენც იგივე ემოცია გვქონდა პარლამენტში.  განცხადებებიც გაკეთდა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, აიცილებდა თუ არა ქვეყანა გუშინ განვითარებულ მოვლენებს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ მიიღებდა გადადგომის გადაწყვეტილებას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე მეზობელ სახელმწიფოში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, დღეს დილით კი, ვიზიტი შეწყვიტა, ქვეყანაში დაბრუნდა და გადაწყვეტილება მიიღო.

კითხვაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო, თუ რეკომენდაცია გუნდიდან იყო, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მიიღო და მის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭომ და გუნდმა მხარი დაუჭირა.

„ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად, 24 საათში იქნა მიღებული და საზოგადოებამ განსაჯოს, არის თუ არა 24 საათი გვიანი ასეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, როცა საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო თანამდებობას ტოვებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ძალადობას გაემიჯნა ყველა ჯანსაღი ძალა და ასევე, მხარეები, რომლებსაც პროცესზე ობიექტური დაკვირვების მანდატი აქვთ.

„თქვენ ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებები. ძალადობა ყველამ დაგმო. ძალადობრივი დღის წესრიგი ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი თანხმდება, რომ გუშინ პროცესებში პოლიციის ჩართვის აუცილებლობა ლეგიტიმური იყო.

„ლეგიტიმაციის ნაწილში ამ საპოლიციო მოქმედებებს საფუძველი ჰქონდა. მეორე საკითხია, რომ მხარეები, რომლებიც აქციას აკვირდებოდნენ, კონკრეტულ შესაძლო დარღვევებზე მიუთითებენ.  ძალის გადამეტებაზე, თუ ასე ვთქვათ, გადაცდომებზე, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო კონკრეტული მომიტინგეების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ მანიფესტანტებს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული, მაგრამ ამ ნაწილში მინდა, ცალსახად გითხრათ, რომ შსს-ს და ჩვენ, ყველას ერთი პოზიცია გვაქვს – თითოეული ასეთი ფაქტი შესწავლის საგანი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამის გამორიცხვის უფლება არ აქვს და ასევე, არც იმის თქმის უფლება, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

მისივე თქმით, დღეს დილიდან, ხელისუფლების მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის ადამიანები არიან, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ.

„მათ შორის დაშავდნენ პოლიციელებიც. მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა დაშავებულმა თანამოქალაქეებმა ადეკვატური, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ და რაც შეიძლება, დროულად აღიდგინონ ჯანმრთელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი