არჩილ თალაკვაძე - ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მოწოდებული იყო ევროკავშირის მხრიდან და გეგმის თანახმად, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ
არჩილ თალაკვაძე - ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მოწოდებული იყო ევროკავშირის მხრიდან და გეგმის თანახმად, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ევრორეკომენდაცია, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება, შესრულდეს თანმიმდევრულად და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს იყო მოწოდებული ევროკავშირის მხრიდან.

„პარლამენტში მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევრორეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პირველი ეხება პროკურორის არჩევის ინსტიტუტს, ცვლილება გავიდა მაღალი მხარდაჭერით პარლამენტში. მეორე ეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას; აქაც ზაფხულში ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი გავიდა უკვე მაღალი მხარდაჭერით, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს იყო მოწოდებული ევროკავშირის მხრიდან და იმ გეგმის თანახმად, რომელიც წარდგენილი იყო საპასუხოდ ჩვენ მიერ. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ევრორეკომენდაცია, რომელიც სჭირდება საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებას და საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, შესრულდეს თანმიმდევრულად და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განახადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტიცო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების საკითხს, თალაკვაძის თქმით,  ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ძალიან აქტიური დებატები შედგა.

„ძალიან აქტიური დებატები შედგა, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციამაც გააკრიტიკა ის ცვლილებები, რომელიც იყო მოწოდებული. ჩვენც გვქონდა ჩვენი არგუმენტები ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა და ვფიქრობ, დღეს უკვე საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული, თუ რა ცვლილებები მიიღო პარლამენტმა და ასევე დაინახა ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 126 ხმით მიიღო, გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებულ დროებით წესს ითვალისწინებს.