არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს - ბიძინა ივანიშვილს თუ არ ახსენებთ, გიბარებენ პარტიაში და გსჯიან
არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს - ბიძინა ივანიშვილს თუ არ ახსენებთ, გიბარებენ პარტიაში და გსჯიან

ხალხს უნდა უთხრათ, რატომ ხართ ასე გამწარებულები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზეზის გამო – ამ ადამიანმა 2011 წლიდან შექმნა პოლიტიკური პროცესი და გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი მიუღებელია, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა.

„კიდევ ბედავთ და ლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ხალხს უნდა უთხრათ, რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ერთადერთი მიზეზის გამო – ამ ადამიანმა 2011 წლიდან შექმნა პოლიტიკური პროცესი, პარტია და თქვენ გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არანაირი დაპირისპირების, ზედმეტი ძალის გამოყენების და დესტაბილიზაციის საშუალება არ მოგცათ. მას შემდეგ თქვენ ხართ ფუნდამენტურად გაბრაზებულები, ყველა თქვენს გამოსვლაში ახსენებთ – ივანიშვილი, ივანიშვილმა, ივანიშვილს. ეს არის თქვენი მესიჯბოქსი, თუ არ იტყვით ამ სახელს, პარტიაში გიბარებენ და გსჯიან ამისთვის. ეს არის რეალობა. სინამდვილეში ერთი რამ უნდა გაიგოთ, რა არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობთ, ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თქვა ამა და ამ ვადებში პრემიერ-მინისტრის პოზიციას დავტოვებ. ის იკავებდა სრულად და ლეგიტიმურად ფორმალურ თანამდებობას და თავისი პირობაც შეასრულა. ამის შემდეგ ის არის პარტიის თავმჯდომარე და ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებში, ის ლეგიტიმურად პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. თქვენ კიდევ ლაპარაკობთ ამაზე, როცა სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მართავს აქ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამაზე კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ გაქვთ და დანახვაც არ გინდათ ამ გარემოების. ლაპარაკობთ საკითხზე, რომელზეც იცით, რომ არანაირი საფუძველი არ გაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.