არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტარებს მივაწოდეთ ამომწურავი არგუმენტები, ხვალ და ზეგ კიდევ მივაწოდებთ და დარწმუნებული ვარ, გაერკვევიან ობიექტურ სურათში
არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტარებს მივაწოდეთ ამომწურავი არგუმენტები, ხვალ და ზეგ კიდევ მივაწოდებთ და დარწმუნებული ვარ, გაერკვევიან ობიექტურ სურათში

ევროპარლამენტარების მოსაზრებები ჩვენთვის ყოველთვის არის აღქმული, როგორც მეგობრების მოსაზრებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა ევროპარლამენტარებს დღევანდელ შეხვედრებზე მიაწოდეს ინფორმაცია და არგუმენტები, თუ რატომ არის მიუღებელი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი.

„მივესალმებით, რომ ევრონესტის ღონისძიება ტარდება თბილისში. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრები. ჩვენს არაერთ კოლეგას ევროპარლამენტში მივაწოდეთ ამომწურავი არგუმენტები. ხვალ და ზეგ კიდევ მივაწოდებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაერკვევიან ობიექტურ სურათში, თუ რა არგუმენტაცია არსებობს ამ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადი არ არის კონსტიტუციის არსებულ ტექსტთან და მის განხორციელებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.