არჩილ თალაკვაძე - ევროპამ ალბათ დღეს პირველად ნახა დებატები, რომლის მეორე მხარეც დარბაზში არ იმყოფება, ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში
არჩილ თალაკვაძე - ევროპამ ალბათ დღეს პირველად ნახა დებატები, რომლის მეორე მხარეც დარბაზში არ იმყოფება, ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე პოლიტიკური დებატები იმართება, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვით მიმართა, თვლიან თუ არა, რომ ამ დემოკრატიის პირობებში, ასეთი ხელისუფლებით, ოპოზიციითა და რეფორმებით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელის აწევით დაედასტურებინათ, იმსახურებს თუ არა საქართველო არსებული მოცემულობით კანდიდატის სტატუსს, რაზეც ხელი აწია ოპოზიციის ერთმა წარმომადგენელმა.

„ევროპამ ალბათ დღეს პირველად ნახა დებატები, რომლის მეორე მხარეც დარბაზში არ იმყოფება. ძალიან ცოტანი დარჩით ოპოზიციონერები და მინდა, ვინც დარჩით, ერთი შეკითხვა დაგისვათ. ემხრობით თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით, ანუ თქვენს ქვეყანას რაიმე დამატებით პირობებს უყენებთ, თუ თვლით, რომ ახლავე საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. გთხოვთ, ხელის აწევით დაუჭიროთ მხარი ამ წინადადებას. ხედავთ, მეგობრებო, აი, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში“, – მიმართა თალაკვაძემ დეპუტატებს.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „ქართული ოცნების“ იმ მიღწევებსა და რეფორმებზე, რის მიხედვითაც საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„ახლა ძალიან მოკლედ, მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდიდანაც მოისმინოთ პასუხები, როგორც ხატია დეკანოიძე ითხოვდა პასუხებს და მიიღეთ ისინი, რატომ იმსახურებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. რა გააკეთა მისმა ხელისუფლებამ, თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, თქვენს მმართველობაზე რომ არ ვილაპარაკო, რა რეფორმები გატარდა, რა შედეგებია და რა რეალობაა დღეს, რომლისგანაც თქვენი გამოსვლები ძალიან აცილებული იყო.

გიორგი ვაშაძე ამბობდა, არის თუ არა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდო. დიახ, დღეს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გაცილებით დაცულია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება. შეხედეთ ჯანდაცვის დაფინანსებას, ორნახევარჯერ მეტია ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება და ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომია. პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხით არის დაცული. თუნდაც ის, რომ საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებები ბევრად უფრო მაღალი ხარისხითაა დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით პროგრესს მიაღწია.

„საზოგადოებასთან ერთად შევძელით, ხელი მოგვეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მიგვეღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მოგვეწერა ხელი თავისუფალ ვაჭრობაზე და შეგვეტანა განაცხადი წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ, ორი წლის წინ, ჩვენი გუნდის მიერ იყო დაანონსებული. საქართველო 2009 წელს შეუერთდა და ხელშეკრულება გააფორმა ევროპასთან. ეს არის ევროპასთან პირდაპირი სამართლებრივი თანამშრომლობა, სადაც ევროპამ საქართველოს იუსტიციის სისტემა აღიარა, როგორც სტანდარტებთან შესაბამისი პარტნიორი. ხელი მოვაწერეთ 2017 წელს ევროპოლთან, სადაც ევროპის მთავარმა საპოლიციო სააგენტომ საქართველო და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები აღიარა როგორც სტანდარტებთან შესაბამისი პარტნიორი; ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნით ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს. მაგ რეფორმის დამსახურებაც არის, რომ საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, ოპოზიცია ყველაზე მეტ ადგილებს ფლობთ პარლამენტში, თუმცა რამდენად იყენებთ ამ ადგილებს, საზოგადოებამ დაინახოს; შენგენის 19 ქვეყანასთან საპოლიციო თანამშრომლობა აქვს საქართველოს, პირდაპირი ხელშეკრულებები და ჰყავს ატაშეები. 2014 წლიდან მივაღწიეთ ამ შედეგებს. მანამდე, თუ გაინტერესებთ, მხოლოდ ოთხ ქვეყანასთან ჰქონდა თანამშრომლობა და ისიც მხოლოდ სამეზობლოში.

ოპოზიციონერი კოლეგები საკუთრების უფლებაზე საუბრობდით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის შეფასება. საქართველო 120-ე ადგილიდან 46-ე ადგილზე დაწინაურდა საკუთრების დაცვის ინდექსში, ღამღამობით ადამიანები პროკურატურაში არ მიდიან და არ ჩუქნიან სახელმწიფოს თავის ქონებას, მემკვიდრეობას და ბიზნესს. ბიზნესის კეთების სიმარტივით, მე-12 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა საქართველო. ეს არის სწორედ იმ ევროპული რეფორმების დამსახურება, რაც ამ სფეროში ჩვენ გავატარეთ. ვიზიტორები ევროკავშირიდან, პლიუს ბრიტანეთიდან. 2012 წლამდე 145 მილიონი, 2019 წელი, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა – ნახევარი მილიარდი, 230%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა ევროპიდან, ვინც გადაწყვიტა, რომ თვითონ, ოჯახის წევრები ჩამოეყვანათ საქართველოში.

როგორც თქვენ ამბობთ, თუ ეს ქვეყანა უარესობისკენ მიდის, ქვეყანა უფრო საშიში გახდა, ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არის, თუ ამ ქვეყანაში დაუცველია მოქალაქე, რატომ იღებს სამჯერ მეტი ევროპელი მოქალაქე გადაწყვეტილებას, თავისი თავისუფალი დრო და არდადეგები გაატაროს საქართველოში, ჩამოიყვანონ პარტნიორები. 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირში 353 მილიონიდან 740 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თქვენ რომ ამბობთ, ევროკავშირთან რა ვაჭრობა და რა ბიზნესურთიერთობები გაქვთ, ეს არის საქართველოს მაჩვენებელი. ასოცირების დღის წესრიგის 45% შესრულებულია. ოთხი ტელევიზია მაუწყებლობდა ქვეყნის მასშტაბით, 20 იყო რეგიონული მედია. დღეს კი, ქვეყანაში მუშაობს 20 ტელევიზია და 100 რეგიონული მედია. რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე აღნიშნეს თავის ანგარიშში, რომ საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 105 ადგილიდან 64-ე ადგილზე დაწინაურდა.

სასამართლოსთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ სამ ინდიკატორს გეტყვით. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, 2011 წელთან შედარებით, საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასება 35 პოზიციით გააუმჯობესა. ფლეიზერის ინსტიტუტმა 70-დან 35-ე ადგილზე დააწინაურა საქართველოს სასამართლო სისტემა. რაც მთავარია, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ ჩატარებულ კვლევაში, არა პოლიტიკოსები, არამედ პრაქტიკოსი იურისტები, ვისაც სასამართლოსთან აქვს შეხება, 47% ამბობს, რომ საშუალოზე მაღალია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი და 35% ამბობს, რომ მაღალია და თან ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, განცხადებები, რომ მოსახლეობის რეკორდულმა რაოდენობამ საქართველო დატოვა, სიცრუეა.

„ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში კატასტროფა ხდება, ადამიანთა უპრეცედენტოდ რეკორდულმა რაოდენობამ საქართველო დატოვაო. ეს არის სიცრუე და თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ სტატისტიკაში რაც იყო, საშუალოდ ემიგრაციის მაჩვენებელი, არ გაზრდილა დიამეტრალურად. პირიქით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო მიგრაციაში დადებითი სალდო, რაც ნიშნავს, რომ მეტი ჩამოვიდა საქართველოში, ვიდრე წავიდა. 2010 წელს 103 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო, 2011 წელს 107 ათასმა თანამემამულემ, ასე რომ, ნუ ატყუებთ საზოგადოებას.

თქვენ, გიორგი ვაშაძემ მტკიცებულებების დასტა რომ მოიტანა, ზუსტად ის არის, რასაც გუშინ ვამბობდი. თქვენ, თითქმის მთელი ოპოზიცია აგროვებთ მტკიცებულებას და არა მხოლოდ აქ მოგაქვთ, მიგაქვთ ყველასთან, ვისთანაც შეგიძლიათ, რომ ხელი შეუშალოთ საქართველოს ევროინტეგრაციას. დღეს თქვენ თვითონ აჩვენეთ საზოგადოებას, მტკიცებულებების რამხელა დასტა გაქვთ შეგროვებული.

ხატია დეკანოიძე ამბობდა, იანუკოვიჩის ციტატები ჰქონდა დაზეპირებული და აქეთ გვაყვედრიდა, თქვენი გამოსვლები ამას ჰგავსო. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე იანუკოვიჩის ფრაზებს დაიზეპირებთ, თქვენი ლიდერის, სააკაშვილის ფრაზები გაიხსენეთ. ადამიანი ვარშავაში 2019 წლის აპრილში ამბობდა, რომ დასავლეთს აქვს კოლონიალური მიდგომები და უკრაინელები სჭირდებათ სამუშაო ძალადო. ამას ამბობდა თქვენი ლიდერი სააკაშვილი და არ ვიცი, რომელ ერთ საკითხზე გიპასუხოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი