არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის ტრიბუნიდან გამეორდა, რასაც ვამბობდით, რომ ევროინტეგრაცია არის ეროვნული საკითხი და არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის ტრიბუნიდან გამეორდა, რასაც ვამბობდით, რომ ევროინტეგრაცია არის ეროვნული საკითხი და არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, მაღალი დონის ტრიბუნიდან მოხდა იმის გამეორება, რომ ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ.

„დარწმუნებული ვიყავით, რომ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი პოზიტიურად ჩაივლიდა. როგორც ნახეთ, საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. თავის მხრივ, ნახეთ, რომ პრემიერმა გაწეული სამუშაოების შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ანუ, მონაწილეობდა ყველა, ვისაც მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. ვინც ამ პროცესში არ ჩაერთო, ნახეთ, რომ ევროსტრუქტურების ლიდერებმა ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთეს, ეს იყო იგივე, რომელიც ევროპარლამენტარებმა თბილისში ყოფნის დროს გააკეთეს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ ხელისუფლებასთან ერთად. მაღალი დონის ტრიბუნიდან მოხდა იგივე საკითხის გამეორება, რასაც ვამბობდით, რომ ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის დაუშვებელი და საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ამიტომ, მკაფიო იყო გზავნილები. ევროპელმა ლიდერებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ, იმუშაონ ინკლუზიურად, არა ცალკე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც საერთო ამოცანად არის განსაზღვრული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამავდროულად, არჩილ თალაკვაძემ მედიისა და სასამართლოს ნაწილზე ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სიმართლეა ის, რომ როცა ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, ქვეყანაში მხოლოდ ოთხი ტელევიზია და ოთხი მიკროფონი მაუწყებლობდა, დღეს 20 ტელევიზიაა და 120 რეგიონული მედია მაუწყებლობს, მათ შორის არავითარი პრობლემა არ გექმნებათ, როცა კრიტიკული შინაარსი გაქვთ ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში დავებში მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის 50/50-ზე არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში რეალური შეჯიბრებითობაა და სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია. ასევე, ამას ადასტურებს სტრასბურგში გაგზავნილი სტატისტიკა, სადაც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგზავნილი სტატისტიკა 60 პროცენტით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები სასამართლო სისტემაში ბევრად მეტად აღწევენ სიმართლის დადასტურებას. მესმის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ ყველაფერი გააკეთეს და იმეორებენ, რომ დღეს თითქოს სასამართლო არის უარესი, მედიაგარემო არის უარესი, რაც ტყუილია, რასაც განეიტრალება სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ევროპელ კოლეგებს ვაჩვენოთ, რა პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით საქართველომ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.