არჩილ თალაკვაძე - ეს არჩევნები კი არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ რევანში ნებისმიერ ფასად
არჩილ თალაკვაძე - ეს არჩევნები კი არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ რევანში ნებისმიერ ფასად

ეს არჩევნები კი არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ რევანში ნებისმიერ ფასად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვილია, ევროპული ყაიდის არჩევნები ჩატარდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას. ჩვენი გუნდის დიდი სურვილი ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი მედიაზე, როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი სურვილი და ამოცანა ამ არჩევნებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი.

როგორც ვხედავთ, ასეთი პირობებით არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. დღეს უკვე აშკარაა, ეს არჩევნები კი არ არის თქვენთვის, არამედ რევანში ნებისმიერ ფასად. ასე შეგვიძლია დავარქვათ იმას, როგორც თქვენ იქცევით ამ კამპანიის დროს. ყოველდღე ვხედავთ რას, როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა. თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2008 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს რისთვის, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. იმავეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ მართლა სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე, ადამიანზე, რომლის უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ვისი უშუალო ხელმოწერაც არის სხვათა შორის დაფიქსირებული ამ ისტორიულ დოკუმენტზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძე კი არ აინტერესებს, არამედ – მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რომელიც, თალაკვაძის თქმით, ამ პარტიას აღარ აქვს.

„ცოტა დაფიქრდით და უტიფრობასაც აქვს რაღაც საზღვარი. მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგახსენოთ, ხომ არ დაგავიწყდათ, ერთი წლის წინ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მერობის კანდიდატი იყო და გიორგი ჭიღვარიამ, რომელსაც მართალია რუსული ბაზები არ გაუყვანია, დაგიდოთ ბეჭებზე და ახლა რისი იმედი გაქვთ.

სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებზე მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან ასე აგრესიულები ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები. ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ ძალად ეცნობოდა საზოგადოებას. ამიტომ ხართ ასე გააქტიურებული. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და აგებთ სიტყვა „მთავარსაც“. აი ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ, ეს მითი შეინარჩუნოთ, რომ თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ. აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და ამ არჩევნებზე ეს გამოჩნდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.