არჩილ თალაკვაძე - ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში, დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება
არჩილ თალაკვაძე - ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში, დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება

ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში და დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის, ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება 2024 წლის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება კარგი ნაბიჯია, თუმცა კარგი იქნებოდა მინიმალური ბარიერის საკითხის გათვალისწინება. მისივე თქმით, სამიდან ხუთ პროცენტამდე ბარიერი საშუალებას აძლევს პოლიტიკურ სცენას, იყოს სტაბილური.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პრაქტიკულად მხარს უჭერს პროპორციული არჩევნების ჩატარებას ნულოვანი ბარიერით.

„რომ არაფერი ვთქვათ ამ მხარდაჭერაზე, რაციონალურადაც აბსოლუტურად ყველას შეუძლია იმის შეფასება, რომ ნულოვანი ბარიერი ერთჯერადად, 2020 წლისთვის იძლევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შედეგს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მათ არ მოუწევთ არავისთან შესვლა ფიქტიურ ბლოკში. არ მოუწევთ არავისთან იძულებით გაერთიანება იმ მოცემულობის გამო, რაც აქამდე გვქონდა. შესაბამისად, ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში და დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის, ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც უკვე არის ბარიერიც და არის პროპორციული საარჩევნო სისტემაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.